English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ როზეტა ასათიანი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები და გენერალური სტრატეგია

რეზიუმე

საქართველოს ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება მნიშვნელოვნადაა დამო­კიდებული ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სწორად წარმართვასა და ყოვლისმომცველ შეფასებაზე. საქართველოში ეკონომიკური რეფორმების (რომელიც ძალზე გაჭიანურდა) სწორი წარმართვისათვის აუცილებელია ვიცოდეთ რა სიმდიდრეს ფლობს ქვეყანა, რა სახეობებისა და რაოდენობის დოვლათი გვაქვს, როგორ ვიყენებთ მას, სად მიდის იგი და ა.შ. ამისათვის კი საქართველოს ნებისმიერი სიმდიდრე სათანადო დონეზე უნდა იყოს აღრიცხული და გაანალიზებული. ამასთან, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა (რომლის შესახებაც უკვე 25 წელია ვმსჯელობთ, მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებს დროის ეს პერიოდი დასჭირდათ "აზიური ვეფხვების" სტატუსის მოსაპოვებლად), აუცილებელია ყური მივუგდოთ მსოფლიო ეკონომიკის მაჯისცემას, რომელიც ჩვენთვის კომპასის როლს შეასრულებს. არ შეიძლება ემოციებზე დაყრდნობით, მსოფლიო გამოცდილების გაუთვალისწინებლად ვიმსჯელოთ ასეთ უაღრესად აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემებზე, საქართველოს მომავალზე, მისი განვითარების პრიორიტეტებსა და გენერალურ სტრატეგიაზე.

ჯანსაღი ეკონომიკური რეფორმის განხორციელება უშუალოდ უკავშირდება მეწარმეთა "არმიის” შექმნასა და, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში. ამ პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს ისიც, რომ მეწარმეობის მხრივ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში დღეს მცირე ბიზნესით დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობაში დასაქმებულთა მხოლოდ 9,1%, საშუალო ბიზნესის წილად ჴ 8,4%, ხოლოდ დანარჩენი 82,5%. ეს მსხვილი ბიზნესია. სამწუხაროდ, მეწარმეობის ასეთი მახინჯი სტრუქტურა უკან სწევს საქართველოს ეკონომიკას, ამიტომაცაა, რომ ეკონომიკის განვითარების ღერძი ჴ საშუალო ფენა მიზერულია საქართველოში, იგი მხოლოდ 9%-ია!!! სად არის ამ დროს ოპოზიცია, რომლისგანაც მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა გვესმის და არასაქმიანი კრიტიკა. აქედან გამომდინარე მხოლოდ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: საქართველოში რეფორმისტული სულისკვეთების მქონე ადამიანების დეფიციტია. ამდენი არაკვალიფიციური პარლამენტარი, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ საბაზრო ეკონომიკაზე, რა როლს ასრულებს საქართველოს პარლამენტში. დღეს არ არის სავარძელში ნებივრობის დრო, ნურც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შევეცდებით.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, როგორც განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში. თანამედროვე ეკონომიკაში ახალი სტრატეგიის შექმნა ეყრდნობა ახალ ინოვაციურ სისტემას. ამიტომ არის, რომ XXI საუკუნეში სტრუქტურული გარდაქმნების ბირთვს ინოვაციური ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.

დღეს ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველი მოძველებული ტექნოლოგიების ახლით შეცვლის უწყვეტი პროცესია, რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების განვითარებაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ არა მხოლოდ მატერიალური რესურსების, არამედ ინტელექტუალური კაპიტალის ხარისხზე და განაპირობებენ ცოდნის ფენომენის წინა პლანზე წამოწევას.

ინოვაციურმა პროგრესმა მძლავრი ბიძგი მისცა კრეატიული პოტენციალის ყოველმხრივ განვითარებას. ამიტომაც არის, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე შეფარდებითი უპირატესობის თეორია ადგილს უთმობს კონკურენტული უპირატესობის თეორიას. დღეს მსოფლიო არენაზე ყველაზე მომგებიანია ის დარგები, რომლებიც აწარმოებენ მომსახურების სექტორში შემავალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს, ტელეკომუნიკაციების მთელ სისტემასა და ა.შ., მათ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე განაპირობებს ინოვაციების დანერგვა და არა წარმოებრივი შესაძლებლობების ზრდა, ამასთან აქცენტს კეთდება ისეთ ფასეულობებზე, როგორიცაა ხარისხი, "ნოუჰაუ”, ბაზრისადმი ახლებური მიდგომა, ახალი დიზაინი და ა.შ. საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიოანობის მოპოვების პერსპექტიული საშუალებაა კურორტებისა და ტურიზმის განვითარება, რომელიც დიდ ეკონომიკურ უკუგებას მისცემს ქვეყანას.

ძირითადი ცნებები

სტრუქტურული გარდაქმნები. მომსახურების სფეროს დივერსიფიკაცია. გენერალური სტრატეგია. საკურორტო-ტურისტული სპეციალიზაცია. მულტიპლიკაციური ეფექტი. ინოვაციური პოტენციალი. საგადასახდელო ბალანსი. დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა. იმპორტშემცვლელი წარმოება. "მესამე სამყარო”.

შესავალი

საქართველოში ეკონომიკის კონვერსიის რანგში აყვანილმა რეფორმებმა გაცილებით მეტი პრობლემა წარმოქმნა, ვიდრე გადაჭრა. რა თეორიული და პრაქტიკული ხასიათის დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ განვლილი 25 წლის შემდეგ?

საქართველოში ეკონომიკის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს ბევრს მიაჩნია, მათ შორის, ზოგიერთ ექსპერტსა და ტრანზიტოლოგს. ჩვენი აზრით ამის უპირველესი მიზეზი საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებისა და ინსტიტუციური რეფორმების გაუთვითცნობიერებლობაა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ქმედითი პროგრამის უქონლობა და მეცნიერულად დაუსაბუთებელი ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგიაა. ასეთ პირობებში ეკონომკური რეფორმა იმთავითვე განწირული იყო მარცხისთვის და ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით გამოწვეული მრავალი ნეგატიური პროცესის წარმოქმნის მიზეზი გახდა.

დღეს, როდესაც საქართველოში ესოდენ დიდი ცვლილებები მოხდა პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომკურ სპექტრში ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკურ პოლიტიკაში ახალი მიდგომების ძიება. მეტიც, თუ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვალა ნაკლებად უნდა ველოდოთ თვალსაჩინო წარმატებებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

გლობალიზაციის ეპოქალური პროცესი თანამედროვე პირობებში მსოფლიო ეკონომიკის ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს განაპი­რო­ბებს. ამის ერთ-ერთი დასტურია თუნდაც ის, რომ ამჟამად განვითარებული ქვეყნების ეკო­ნომიკა, სტრუქტურული თვალსაზრისით, დიამეტრალურად განსხვავდე­ბა წინა ეპოქების ეკონომიკი­საგან, როდესაც დომინირებული მდგომარეობა ეკავა ჯერ სოფლის მეურნეობას, ხოლო შემდეგ _ მრეწ­ველობას. მაგა­ლითად, თუ 1820 წელს აშშ-ის აგრარულ სექ­ტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70%, ხოლო ამ დარგის ინდუსტრი­ალიზაციის საფუძველზე2015 წლის მონაცემებით, აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მხოლოდ 1,0%, ინდუსტრიაში _ 19,2%, ხოლო მომსახურე­ბის სფეროში _ 79,8%. იაპონიაში ეს თანაფარდობა, 2015 წლის მონაცემებით, შესაბამისად, ასეთი იყო: 4,4%, 27,9% და 66,4%; გერმანიაში _ 2,4%, 29,7%, 67,8%; საფრანგეთში _ 3,8%, 24,3%, 71,8%; ავსტრალიაში _ 3,6%, 21,1%, 75,0%; ლუქსემბურგში _ 2,2%, 17,2%, 80,6%; ევროკავშირში _ 5,6%, 27,7%, 66,7%[1] და ა.შ.

არასაკმაოდ განვითარებული (ახალინდუსტრიული ქვეყნების) ეკონომიკისათვის არსე­ბობს სხვადასხვა მიდ­გო­მა, რომელთა შორის აღსანიშნავია: 1) სამრეწველო განვი­თარება და იმ­პორტის შენაცვლება შიდა წარმოებით; 2) სოფ­ლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა და ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში ექსპორტის გაზრდა. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ახალინდუსტრიულ ქვეყნებში მაღალია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ხვე­დრითი წონა. მაგალითად, 2015 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში იგი 20%-ს შეადგენდა[2].

რაც შეეხება განვითარებად, "მესამე სამყაროს" ქვეყნებს, სადაც ინდუსტრიალიზაცი­ის დონე დაბალია, მათთან მიმართებაში განვითარების გენერალური სტრატეგიისადმი კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომაა. I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან 60-იანი წლების და­საწყი­სამდე გაბატონებული იყო შეხედულება იმის შესახებ, რომ სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაზე მისაღები სამრეწველო წარმოე­ბის უპირატესი განვითარების სტრა­ტეგია იყო. მრავალმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიზიარა ეს შეხედულება და შეიმუშავა კი­დეც შესაბამისი სტრატეგია. ზოგიერთ ქვეყანაში იმედისმომცემი შედეგებიც კი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც უპირატესობას ექსპორტის განვითარებას ანიჭებდნენ, იმპორტშემცვლელი წარმოების განვითარებასთან შედარებით, მაგრამ ქვეყნების უმ­რავლესობამ სავალალო შედეგები მიიღო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგი მიზე­ზებით:

1. ინვესტიციებთან დაკავშირებული სირთულეები. მრეწველობის პრიორიტეტული განვითარება საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა, მაგრამ არაჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის გამო, უცხოური ინვესტიციების მო­ზიდვა თითქმის შეუძლებელი იყო, ადგილობრივი საინვესტიციო რე­სურსები კი, ჯერ ერთი, მცირე ოდენობის იყო და, მეორეც, მათი გადასროლა მრეწველობაში ხდებოდა სოფლის მეურნეობის ხარჯზე და მის საზიანოდ, რაც ქვეყანაში მწვავე სასურ­სათო პრობლემებს წარმოშობდა;

2. ადგილობრივმა მრეწველობამ ნაკლებგანვითარებული ტექნოლოგიებისა და დაბალ­კვალიფიციური სამუ­შაო ძალის გამო, ვერ შეძლო იმპორტისადმი კონკურენ­ციის გა­წევა;

3. შიდა ბაზრის სივიწროვისა და დაბალი მოთხოვნის გამო, ეს ქვეყნები ვერ ახერხებდნენ რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობამ ვერ შეძლო საგადასახდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესება, ამასთან, ექსპორტის სტრუქტურაც შეიცვალა. მზა სამომხმარებლო საქონლის ნაცვლად მასში მეტწილად სჭარბობდა ნედლეული. უკანასკნელ პერიოდში ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო შიდაეკონომიკური პრობლემები გამწვავდა,სახელდობრ, სწრაფი ტემპით გაიზარდა სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და შესაბამისად, უმუშევრობა,რასაც მოჰყვა პოლიტიკური პროცესების გამწვავება.

ამიტომ განვითარებადმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში შეცვალეს თავიანთი ეკონო­მიკური განვითარების კურსი და უპირატესობა სოფლის მეურნეობას მიანიჭეს. დღეს მსოფლიოში იგი აღიარებულია სუსტად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დომინირებულ სექტორად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებს დაკარგული აქვთ განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ინფორმაციული ეკონომიკისა და მომსახურების სხვა დარგების განვითარების შანსი, რომელთა გარეშე ისინი მუდამ სუსტად განვითარებული, აგრარული ქვეყნები იქნებიან. ამ ქვეყნების განვითარების სტრატეგიების უმრავლესობაშიც უპირატესობა რომ სწორედ აგრარულ სექტორს აქვს მინიჭებული, ამ ტენდენციას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, 2015 წლის მონაცემებით, ნიგერიის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70,0%, ინდუსტრიაში _ 10,0%, ხოლო მომსახურების სფეროში _ 20,0%; მოზამბიკში, შესაბამისად, 81,0%, 6,0%, 13,0%; ლიბერიაში _ 70,0%, 8,0%, 22,0%; სუდანში 80,0%, 7,0%, 13,0% და ა.შ. შედარებით "შერბილებულია" ეს თანაფარდობა თურქეთში _ 29,5%, 24,7%, 45,8%.

რაც შეეხება საქართველოს, 2012 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანაფარდობა ასეთი იყო: აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 55,6%, ინდუსტრიაში _ 8,9%, ხოლო მომსახურების სფეროში _ 35,5%; შედარებისთვის, სომხეთში იყო 46,2%, 15,6%, 38,2%; აზერბაიჯანში _ 39,3%, 12,1%, 48,6%.[3]2015 წლის საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკის სექტორებს შორის დასაქმებულთა თანაფარდობა ასეთია: აგრარულ სექტორში _ 51,7%, ინდუსტრიულ სექტორში _ 15,0%, მომსახურების სექტორში _ 33,3%.

ასეთია დღეს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ლო­გი­კა, განვითარების გენე­რალური კურსი, რაც სამყაროს კი­დევ უფრო დიფერენცირებულსა და კონტრასტულს ხდის. ერთი რამ კი ცხადია: დღეს მსოფლიოში არ არსებობს წინააღმდეგობა მაღალტექნოლოგიურ მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის. წინააღმდეგობებს მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიები და ნაკლებ­კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა და პროდუქ­ცია განაპირობებს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი., მათი ხვედრია. ამ სიტუაციიდა თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოც დღეს ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა. გლობალიზაციის ეპოქალურმა მოვ­ლენამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ქართველთა ეს ძირძველი ქვეყანა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მესამე ათასწლეულის დასაწყისში გართულებულია განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის მართვის დამოუკიდებელი სტრატეგიის განხორციელება, განსაკუთრებით ნაკლე­ბად ავტონომიურია ტრანზიტული ქვეყნები, მათ სულ უფრო ნაკლები ექსკლუზიური კონტროლი აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე სოცია­ლურ-ეკონომიკურ პროცესებზე, მათი ეკონომიკური პოლიტიკა სულ უფ­რო "გრილდება", ხოლო ეროვნული თავისებურებებისა და ტრადიციების შენარჩუნე­ბის შესაძლებლობები მცირდება. ინვესტიციები და ფინანსური ნაკადები განვითარებულ ქვეყნებშია კონცენტრირებული, განვითარებადი სამყარო კი ინვესტიციების დიდ ნაკლებობას განიცდის. წამყვან, განვითარებულ ქვეყნებს დომინანტური პოზიცია უკავიათ ახალი მსოფლიო წესრიგის (კონკურენციული წესრიგის, სოციალური წესრიგისა და ინსტიტუციური წეს­რიგის) განსაზღვრის საქმეში.

აშშ-ზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განვითარებადი და ტრანზიტული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა და მათი ეკონომიკური განვითარება. ამ ქვეყნებს არ შეუძლიათ ეკონომი­კურ და სოცი­ალურ შედეგებზე განსაკუთრებული გავ­ლენის მოხდენა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ XX საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა ამერიკული დოქტრინა "ნეოგლობალიზმი". იგი ცნობილია "რეიგანის დოქტრი­ნის" სახელწოდებით და ითვალისწინებს აშშ-ის გავლენას "მესამე სამყაროს" ქვეყნებზე. თუმცა, გლობალიზაციისაგან გვერდზე გადგომა დღეს შეუძლებელიცა და იგი ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას ნიშნავს, ვინაიდან ამ ეპოქალურ პროცესს ნეგატიურთან ერთად, აქვს უაღრესად პოზიტიური ეფექტები. დღეს გასათვალისწინებელია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ახალ ამპლუაში აყენებს განათლების ფენომენს, მთელი საგანმა­ნათ­ლე­ბლო სისტემის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე ორგანიზებას, რომლის გარეშე ქვეყანა თავს ვერ დააღწევს დაბალ კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის პრობლემას.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდ­რება, საინფორმაციო მომსახურებისა და კომპიუტერული ქსელების, ტელეკომუნიკაციებისა და სატრანსპორტო სისტემების ფართოდ განვითარება დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უნივერსალური პოლიტიკაა, ხოლო ცოდნასა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა _ მომავლის ეკონომიკა. ეს პრინციპები მესამე ათასწლეულის დასაწყისში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგისა და "ეროვნული მუნდირის" ღირსებას, აქედან გამომდინარე კი, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დონესა და ტემპებს.

რაც შეეხება საქართველოში ეკონომიკის განვითარების გენერალური სტრატეგიის შესახებ მთავრობის ინიციატივას ტურიზმის განვითარების შესახებ,მისასალმებელია (ოღონდ აუცილებელია ტურიზმს დაემატოს კურორტებიც). ამ პრობლემის სათანდოდ შესწავლის საფუძველზე, საქართველოში კურორტებისა და ტურიზმის პრიორიტეტული განვითარების _ გენერალური სტრატეგიის შესახებ, ჯერ კიდევ, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში ვწერდი, 1999 წელს კი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზეც გავიტანე ეს საკითხი სათანადო დასაბუთებით, მაგრამ წინა ხელისუფლებებს არ მიუქცევიათ ყურადღება ამისთვის.[4] მისასალმებელია, რომ ამჟამად საქართვე­ლოში ტურიზმი ეროვნული ეკონომიკის განვითარების გენერალურ სტრატეგიად არის აღიარებული. მასთან ერთად მომსახურების სექტორის ის წამყვანი დარგებიც, რომლებიც XXI საუკუნის _ ცოდნისა და ინოვაციების საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის პრიორიტეტებად არიან აღიარებულნი.

საქმე შემდეგშია: ბუნებაში არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა. მით უფრო აქტუალურია იგი საქართველოსათვის, რომელიც დღეს ძნელად იკაფავს გზას ახალი ეკონომიკური ურთიერთობების რთულ ლაბირინთებში. ასეთ პირობებში, ფინანსურ სტაბილიზაციასთან ერთად, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელება და შესაბამისი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია. საინვესტიციო პოტენციალი უნდა წარიმართოს ისეთ მაპროფილებელი დარგების განვითარებისკენ, რომელთა მულტიპლიკაციური ეფექტი მაღალი იქნება ეკონომიკისათვის. ეს დარგები, ერთგვარი კატალიზატორის როლს შეასრულებენ ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასა და ეკონომიკის საერთო დონის ამაღლებაში.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი ადგილი მომსახურების სფეროს დაჩქარებულმა განვითარებამ უნდა დაიკავოს. ესპროგრესისსაფუძველია.პრიორიტეტული საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება ორგანულად უკავში­რდება მომსახურების სფეროს დივერსიფიკაციას, მაგრამ გამოკვეთილი ადგილი მასში საკურორტო-ტურისტული მეურნეობის დაჩქარებულ განვითარებას უნდა მივაკუთნოთ.

საკურორტო-ტურისტულ სპეციალიზაციას საქართველოში განუსაზ­ღვრელი პოტენციური შესაძლებლობები განაპირობებს. მრავალმხრივი ბუნებრივ-რეკრეაციული რესურ­სების არსებობა საკურორტო მკურნალობისათვის ნაჩვენები ყველა სახის დაავადების მკურნალობისა და ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ეს რესურსებია:

უმდიდრესი ჰიდრომინერალური რესურსები. საქართველოში გამოვლენილია 1300-ზე მეტი მინერალური წყარო, რომელთა სადღეღამისო დებეტი 130 მლნ ლიტრია, საქართ­ველოში 102 კურორტი და 340 საკურორტო ადგილია. ამასთან, ჩვენი სამშობლო უნიკალური კურორტების მფლობელია. სამკურნალო ტალახი, კონტრასტული ბუნება და თვალწარმტაცი ლანდშაფტი, ბუნებრივ ღირშესანიშნაობათა მრავალფეროვნება (საქართ­ველოში 1000-მდე კარსტული მღვიმეა, რომელთა მიკროკლიმატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ), კულტურის უძველეს ძეგლთა სიუხვე, ეთნო­გრაფიული თავისებურებების მრავალფეროვნება და ა.შ. რეკრეაციულად მიმზიდველს ხდის საქართველოს.

დასკვნა

საკურორტო-ტურისტული ინდუსტრიის განვითარება საქართველოში მისი აყვავებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ოპტიმალური გზა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შანსია. ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად ისეკონომიკურიფაქტორებიც, რომლებიც ეკონომიკური ეფექტიანობის პრიზმაში აისახება.

საკურორტო-ტურისტული სპეციალიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის უცხო­ური კაპიტალის დაბანდებას საქართველოში; ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას (ვინაიდან მასზე მოთხოვნა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ამ სფეროში მეწარმეობის დაწყებისათვის საკმარისია მცირე სასტარტო ინვესტიციები, ამასთან, ტურისტული ფი­რ­მების გაკოტრების პროცენტი მხოლოდ 0,5-ის ტოლია, ხოლო ამ სფეროში დანახარჯების უკუ­გების ვადები მინიმალურია); შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს; შეამცირებს უმუშევრობას, აამაღლებს მთიანი რაიონების შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების დონეს და ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას; შექმნის მყარ საშინაო ბაზარს სამრეწველო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისათვის, ხელს შეუწყობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას; დააჩქარებს საერთაშორისო ეკონომიკური და კულტურუ­ლი ურთიერთობების განვითარებას; ხელსაყრელ პირობებს შექმნის ადგილობრივი მოსახ­ლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის, რაც მრავალ სიკეთესთან ერთად, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებაში აისახება; გააუმჯობესებს დემოგრაფიულ სიტუაციას საქართველოში; პოზიტიური მიმართულებით სახეს შეუცვლის ეკოლოგიას და ა.შ. ამიტომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს მეცნიერული მიმართულება აღნიშნული სფეროს გან­ვი­თარების სხვადასხვა ასპექტის კვლევაში. აუცილებელია სახელმწიფო დონეზე შეიქმნას კურორტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნობრივი პროგრამა. კურორტებისა და ტურიზმის განვითარება საქართველოში ევროპისკენ მიმავალი რეალური გზაა.

გამოყენებული ლიტერატურა 

1.აბესაძე. ეკონომიკური განვითარება. თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტი. 2015;

2.ასათიანი.საქართველოს ტურისტულ-რეკრეაცული რესურსების გამო­ყენების პერსპექტივები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ "ეკონომიკურირეფორმადასაქართველოსმომავალი". მოხსენებათა თეზისები. თბილისი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, 7-8 მაისი, 1999;

3.ასათიანი.პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს. თბილისი, გამომცემლობა "სიახლე", 2005;

4.ასათიანი. ახალი მსოფლიო წესრიგი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. "მაკრო მიკრო ეკონომიკა", 2003, #4;

5.ასათიანი.საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი.  თბილისი, გამომცემლობა "სიახლე", 2014;

6.ასათიანი.ახალი მსოფლიო წესრიგი და მისი პრინცი­პების რეალიზაციის არსებული მდგომარეობა საქართვე­ლოში. "საქართველოს ეკონომიკა", 2013, #12;

7.ასათიანი. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა "სიახლე", 2015;

8.ასათიანი.კეთილდღეობის ეკონომიკის თანამედროვე მოდელები. "ეკო­ნომისტი", 2017, #1;

9.ასათიანი.მთავარია შეიქმნას კონკურენტუნარიანო ბაზარი. "რეფორმა" XII. 1994;

10.ჭითანავა,თაკალანძე. სოციალური ეკონომიკა. I ნაწილი. თბილისი, "ინოვაცია", 2008;

11. Asatiani R. Caucasus and Georgian Economy: Past, Present, Prospects. “The Caucasus Region: Economic and Political Developments”. New York, Nova Science Publishers Inc, 2011;

12. Coase R. The Problem of Social Cost. “Journal of Law and Economics”. Vol. 3, 1996;

13. Stiglitz J. E. Economics of the public sector. Second Edition. New York-London, “W.W. Nortonn & Company”, 1999;

14. http://www.ciagov/library/publications/the-world_factbook/geas

15. Асатиани Р. Теории конкуренции и новые перспективы стран ори­ен­тированных на конкурентноспособность. “Кавказ и глоба­лизация”, Швеция, “Ca&CC Pres”, 2015;

16. Белл Д. Грядущее постиндустриальное общество. Перевод с английс­ского. М., «Academia», 1999.



[1] http://www.ciagov/library/publications/the-world_factbook/geas

[2] იქვე.

[3] http://www.ciagov/library/publications/the-world_factbook/geas

[4] ასათიანი საქართველოს ტურისტულ-რეკრეაცული რესურსების გამო­ყენების პერსპექტივები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ "ეკონომიკური რეფორმა და საქართველოს მომავალი". მოხსენებათა თეზისები. თბილისი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, 7-8 მაისი, 1999.